შემოდგომის ბერლინი ქართული ღვინის მოლოდინში

  • 10 ოქტომბერი, 2026
შემოდგომის ბერლინი ქართული ღვინის მოლოდინში

როგორც მარკ ტვენი ამბობდა: „არც ერთ სხვა ქალაქს არა აქვს ისეთი სივრცის, თავისუფლებისა და სიმრავლის განცდა, როგორიც ბერლინს.“ 28 ნოემბერს ბერლინში ჩასულ ღვინის მოყვარულებს თავისუფლების, სივრცისა და სიმრავლის განცდა ნამდვილად ექნებათ, რადგან ამ დღეს გერმანიის დედაქალაქი უმასპინძლებს მინიმალური ჩარევით დაყენებული ქართული ღვინის (ე.წ. Low Intervention) საერთაშორისო ფესტივალს - Amber Georgia.

ამ ფესტივალის იდეა ორ ქართველ მეღვინეს, ზურაბ მღვდლიაშვილს და იაგო ბიტარიშვილს ეკუთვნის. ბერლინის „ამბერში“ 70-ზე მეტი ქართველი მეღვინე მიიღებს მონაწილეობას და სტუმრებს 200-ზე მეტ ღვინოს წარუდგენს. ეს უკვე აღარ არის ერთი ქვეყნის ღვინის პატარა პრეზენტაცია. მასშტაბი გაცილებით დიდია! ქართული ღვინო ბერლინში საკუთარი მრავალფეროვნების ჩვენებას აპირებს.

ნიუ-იორკიდან ბერლინამდე

ვინც ქართული ღვინის ამბებს თვალს ადევნებს, ემახსოვრება, რომ Amber Georgia-ს ისტორია გასულ წელს, ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიწყო.

2025 წლის ნოემბერში ნიუ-იორკის Industry City-ში, პირველად გაიმართა ქართული ქარვისფერი ღვინისადმი მიძღვნილი ეს ფესტივალი. დაახლოებით 30 ქართული მარანი სხვადასხვა რეგიონიდან ამერიკელ ღვინის მოყვარულებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და პროფესიონალებს საკუთარ ღვინოებს თავად აცნობდა. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ამ ღონისძიებამ მოლოდინს გადააჭარბა და ამერიკის ბაზარზე ქართული ქარვისფერი ღვინის მიმართ არსებული ინტერესი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ნიუ-იორკის შემდეგ ქარვისფერი ღვინის ფესტივალმა გეოგრაფიული მიმართულება შეიცვალა. ბერლინი შემთხვევითი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან იგი არაკონვენციური ღვინის სამყაროში მნიშვნელოვანი ქალაქია. გერმანიაში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ახალი არ არის. ევროპული  ღვინის მომხმარებლისთვისაც ქართული ქვევრის ღვინო დიდი ხანია, აღარ არის სრულიად უცნობი პროდუქტი. ამიტომ ბერლინის ფესტივალს შეიძლება ჰქონდეს ის უპირატესობა, რაც ნიუ-იორკში ქართული მეღვინეობის წარმომადგენლებს უფრო შორეულ ბაზარზე გასვლისთვის სჭირდებოდათ: აქ ქართული ღვინო ევროპული  ღვინის დიდი ქსელის ეპიცენტრში შედის.

ქვევრის და არამხოლოდ ქვევრის...

Amber Georgia-ს ერთ-ერთი  თავისებურება ის არის, რომ საერთაშორისო აუდიტორიას მხოლოდ ღვინის გასინჯვას არ სთავაზობენ. ფესტივალის კონცეფცია სახელდობრ  მეღვინესთან შეხვედრას ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. სტუმარს შეუძლია ღვინო არა მხოლოდ გასინჯოს, არამედ პირისპირ შეხვდეს ადამიანს, რომელმაც ვენახს მოუარა, ქვევრი გარეცხა და ეს ღვინო შექმნა. მცირე მარნების მთელი მომხიბლაობაც სწორედ ისაა, რომ ხშირად ერთი ადამიანია მევენახეც, მეღვინეც, მარკეტოლოგიც და გაყიდვების მენეჯერიც.

ამას გარდა, მინიმალური ჩარევით დაყენებული ღვინო მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული პროდუქტი არ არის. მის უკან დგას გარემოსა და ბუნებისადმი დამოკიდებულება, ვენახის და სავენახე მიწის მოვლის მეთოდი, ყურძნის ჯიში, მეღვინის გადაწყვეტილებები და ხშირად წარმოუდგენლად საინტერესო ოჯახური ისტორიები.

საქართველოს სხვადასხვა კუთხე ერთ დარბაზში

ბერლინში ქართული მეღვინეობის გეოგრაფიული და კუთხური მრავალფეროვნებაც წარმოჩინდება. წარმოდგენილ მარნებს შორის არიან კახეთის, ქართლის, გურიის, იმერეთის, ლეჩხუმის, რაჭის და სამეგრელოს რეგიონების მცირე საოჯახო მარნები. მათ შორის - როგორც უკვე ცნობილი ქართველი მეღვინეები, ასევე შედარებით ახლებიც, რომლებმაც ამ საქმეს ხელი ცოტა ხნის წინ მოჰკიდეს.

ბერლინში მომხმარებელს შეუძლია ერთ დღეს აღმოაჩინოს იმერეთის ცოლიკოური და ციცქა, ქართლის ჩინური და გორული მწვანე, რაჭის იშვიათი ჯიშები, კახეთის ქვევრის ღვინოები და სამეგრელოს ნაკლებად ცნობილი ვაზის ჯიშები. სამომავლოდ სწორედ ეს მრავალფეროვნება შეიძლება გახდეს ქართული ბუნებრივი ღვინის ერთ-ერთი ყველაზე უპირატესობა.

რატომ Amber?

ფესტივალის სახელწოდებაც შემთხვევითი არ არის. ქარვისფერი ღვინო, ანუ ყურძნის ჭაჭასთან ერთად დაყენებული და თვეების მანძილზე ჭაჭაზე დაყოვნების მეთოდით მიღებული ღვინო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტილად ითვლება და უცხოეთში ბევრი ღვინის მოყვარულისთვის ქართული ღვინის სავიზიტო ბარათი სწორედ ეს სტილია. საქართველოში კი ეს მეთოდი თანამედროვე ტრენდი, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან ტრადიციული მეღვინეობის ნაწილია და ათასწლეულებს ითვლის.

სწორედ ამიტომ Amber Georgia-ს იდეა მხოლოდ ღვინის სტილის პოპულარიზაცია არ არის. მისი მიზანია, საერთაშორისო მომხმარებელმა დაინახოს, რომ ის, რასაც დღეს ბევრმა Orange Wine-ის სახელით აღმოაჩინა, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.

ამიტომ Amber Georgia გარკვეულწილად ქართული ღვინის ისტორიის თანამედროვე ენაზე თარგმნის მცდელობაცაა.

ევროპა შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს

ნიუ-იორკში ქართული ღვინის ფესტივალის ჩატარებას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. პირველად შეიქმნა შესაძლებლობა, რომ ქართული  მცირე მარნების მეღვინეების დიდი ჯგუფი ამერიკელ მომხმარებელს ერთ სივრცეში შეხვედროდა.

ბერლინს კი თავისი უპირატესობა აქვს. ევროპაში ქართული ღვინო გაცილებით მარტივად მოძრაობს - როგორც ლოჯისტიკური, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით. საქართველოს მცირე საოჯახო მარნებისთვის ევროპული ბაზარი განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს, რადგან მათი წარმოების მასშტაბი ხშირად არ შეესაბამება დიდი სუპერმარკეტების მოთხოვნებს, მაგრამ გაცილებით უკეთ ერგება სპეციალიზებულ ღვინის ბარებს, ღვინის მაღაზიებსა და მცირე იმპორტიორებს.

ქართველმა მცირე მეღვინემ, რომელსაც წელიწადში რამდენიმე ათასი ბოთლი აქვს წარმოებული, შესაძლოა გლობალურ ბაზარზე დიდ კომპანიას ვერ გაუწიოს კონკურენცია რაოდენობით. თუმცა, მას შეუძლია კონკურენცია გასწიოს ისტორიით, ვაზის უნიკალური ჯიშით, კონკრეტული ტერუარითა და ღვინის განსაკუთრებულობით.

სივრცე, თავისუფლება, სიმრავლე...

არცთუ შორეულ წარსულში იყო დრო, როდესაც საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარმოდგენა ხშირად მხოლოდ რამდენიმე ცნობილი მეღვინის მონაწილეობით ხდებოდა. „ამბერის“ ორგანიზარტორებმა მოახერხეს და დღეს უკვე შესაძლებელი გახდა ათეულობით ქართული მცირე მარნის ერთ სივრცეში თავმოყრა.

ქართული მეღვინეობა აღარ არის მხოლოდ რამდენიმე პიონერის საქმე. ის თანდათან დამოუკიდებელ სექტორად ყალიბდება. რაც მთავარია, ამ სექტორს უკვე ჰყავს  საკუთარი აუდიტორია საქართველოშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

თუ მარკ ტვენის სიტყვებს ისევ დავუბრუნდებით, 28 ნოემბერს ბერლინში ნამდვილად იქნება სივრცეც, თავისუფლებაც და განსაკუთრებით სიმრავლეც და ამ ყველაფერს სახელად საუკეთესო ქართული  ღვინო ჰქვია!

 

ლევან სებისკვერაძე